ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობრივ კომისიებში 2024 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა გრძელდება.
დღეს, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ცვლილების პროექტი დარგობრივმა კომისიებმა განიხილეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები და შემოსულობები (გასული წლის ნაშთისა და ვალდებულებების კლების ჩათვლით) 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით 95,4%-ით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმილი 37 750,0 ათასი ლარის ნაცვლად, ბიუჯეტი 73 758,0 ათასი ლარით განისაზღვრა.
საკრებულოს წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, აღნიშნული პროექტის წარდგენა საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
ასევე, კომისიების წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი დადგენილების პროექტის წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ.“ სხდომაზე, აგრეთვე, იმსჯელებენ ,, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ“ და ,, მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების თაობაზე“ დადგენილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
ასევე, საკრებულო მოისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების 2020-2022 წლებში ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის.