ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს ბიუროს წევრებთან სამუშაო შეხვედრაზე რეგლამენტში ცვლილებების შესახებ ინიციატივა წარადგინა – შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ საკრებულომ შეძლოს საქმიანობა დისტანციურად, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში საკრებულო მზადაა აქტიურად გამოიყენოს ელექტრონული მექანიზმები, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების გატარება, საჭიროების შემთხევაში საკრებულოს ბიუროს, კომისიების, საკრებულოს სხდომების ონლაინ რეჟიმში წარმართვა.
„ მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისად, მზად ვართ აქტიურად გამოვიყენოთ ელექტრონული, ციფრული მექანიზმები საკრებულოს საქმიანობის წარმართვისთვის. ეს საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად უსაფრთხო ზომების გათვალისწინებით მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები, რაც საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში გვადევნოს თვალი, ჩაერთოს პროცესში სახლიდან გაუსვლელად და იყოს სრულად ინფორმირებული“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.
დღესვე საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა დეპუტატებს ელექტრონული პლატფორმის მუშაობის დეტალები გააცნეს. როგორც აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ განმარტა, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის მიზნით ჩატარდა შიდა სამუშაო კვლევა, გამოიკვეთა საჭიროებები და შესაძლებლობები. აპარატის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს ელექტრონული პლატფორმის მომზადება, რომელიც დისტანციური მუშაობის პირობებში
გამოიყენება , როგორც საკრებულოში გასამართი სხდომებისას, აგრეთვე აპარატის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო პროცესში.