ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი

ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი მთავარანგელოზის ეკლესია, სამრეკლო და გალავანი სოფელ ძირიჯუმათში მდებარეობს.

კომპლექსი შედგება მთავარანგელოზის ეკლესიის, სამრეკლოსა და გალავნისაგან. ჯუმათის ეკლესიის აგების თარიღი უცნობია.

მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლისს ნიკოლოზს კლარჯეთში უმოგზაურია და ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთკანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. აქ გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

ჯუმათის სამონასტრო ანსამბლი მოიცავს მთავარანგელოზთა ეკლესიას, სამრეკლოსა და გალავანს. მთავარი ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს აღმოსავლეთით ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით. აფსიდი დარბაზისგან მხრებითა და მათზე ყრდნობილი თაღითაა გამოყოფილი. გრძივი კედლები სამი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელთაც კამარის საბჯენი თაღები ეყრნობა, პილასტრებს შორის კი კედლების დამანაწევრებელი თაღებია. საკურთხეველი, ძირითად დარბაზთან შედარებით, ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ტაძარს ჩრდილოეთიდან ეკვდერი უნდა ჰქონოდა, რომლისგანაც მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის ნაშთია შემორჩენილი. 1847 წელს სამხრეთის მხრიდან მიუშენებიათ ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერი და ტაძარი რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. შესასვლელი ორია – სამხრეთიდან და დასავლეთიდან, კიდევ ერთი შესასვლელი ჩრდილოეთის კედელშიც ყოფილა გაჭრილი, რომელიც ამჟამად ამოქოლილია. ეკლესია ნაგებია თლილი ქვით, გამოყენებულია ქვიშა-ქვა, ალაგ-ალაგ კი – შირიმი. კედლებზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან ყველაზე ადრინდელი შრე სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე შეინიშნება. ინტერიერში შემონახულია XVI-XVIII საუკუნეების მოხატულობა.

ფრესკები დღესდღეობით ძალიან დაზიანებულია. მოხატულობაში გვხვდება მთავარანგელოზის გამოსახულება, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი სცენები, გურიის მთავრისა და მისი მეუღლის გამოსახულებები და რამდენიმე წმინდა მეომრის ფრესკა.

#ჯუმათისმონასტერი

მსგავსი სტატიები