ვაშნარის ნაქალაქარი

ვაშნარის ნაქალაქარი  გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთასთან ახლოს მდებარეობს. იგი ადრეული შუასაუკუნეების ციხე-ქალაქს წარმოადგენს და მისი მშენებლობისა და ძლიერების პერიოდი ისტორიკოს-მკვლევართა მიერ V-VIII საუკუნეებით განისაზღვრება.

ვაშნარმა VIII საუკუნეში არსებობა შეწყვიტა, რაც სავარაუდოდ მურვან ყრუს შემოსევებმა განაპირობა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ვაშნარი ნაკაშიძეთა სამფლობელო და საზამთრო რეზიდენცია იყო. 1841 წელს ვაშნართან ბრძოლა გაიმართა, რომელიც გურიის აჯანყების ნაწილი იყო, ეს ბრძოლა ამბოხებულთა გამარჯვებით დასრულდა.

1949 წელს ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჩაის ფაბრიკა და ფაბრიკის მუშათა საცხოვრებელი სახლები აშენდა, რომლებიც ამჟამადაც ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობს. სწორედ ამ მშენებლობებისას გამოჩნდა არქეოლოგიური ფენები. ვაშნარის ნაქალაქარის მხოლოდ მცირე ნაწილია შესწავლილი, გამოვლენილია ციტადელი, სამნავიანი ბაზილიკა და მარტირიუმის ნაშთები. ციხე-ქალაქი ნაგები იყო თანაბარი წესიერი კვადრებით, აგრეთვე გამოყენებულია ნატეხი რიყის ქვა. შიდა ციხის გალავნის აღმოსავლეთ ნაწილი წახნაგოვანი ფორმისაა და შეიცავს კვადრატულ კოშკებს. გალავანში გამოყენებული იყო გურიანთის ბაზალტი და დიდი ზომის კვადრატული აგური. კედლები შელესილი იყო დანაყილი აგურის ფხვნილით. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია თიხის მილების წყალსადენი.

შიდა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, გალავანის გასწვრივ სამნავიანი ბაზილიკა მდებარეობს. საკურთხევლის იატაკი მარმარილოს ფილებით ყოფილა მოპირკეთებული. ტაძარს სამი მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით სენაკი აქვს მიშენებული. ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდანაა. ბაზილიკის ცენტრალურ და სამხრეთ და სამხრეთ სენაკში სამარხები დადასტურდა. ნაგებობის კედლები ბაზალტის კვადრებისა და კვადრატული აგურის სარტყელების მონაცვლეობითაა ამოყვანილი და კირხსნარითაა ნალესი.

ბაზილიკის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთის გალავნის გასწვრივ ნაგებობის ნაშთებია, რომელიც მარტირიუმადაა მიჩნეული. იგი ორსართულიანი ყოფილა. ქვედა სართული ღორღით ყოფილა ამოვსებული და ერთგვარ კვარცხლბეკს წარმოადგენდა. მას ზემოდან ოთხ სენაკიანი მეორე სართული ჰქონდა დადგმული, სადაც თიხის სარკოფაგები გამოვლინდა, აქვე აღმოჩნდა ბაზისები, იმპოსტები და რვა კორინთული ტიპის სვეტისთავი. შენობა გარედან თლილი ქვით იყო მოპირკეთებული.

#ვაშნარისნაქალაქარი

მსგავსი სტატიები