1917 წლამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში, 1930 წელს ჩამოყალიბდა ცალკე ტერიტორიულ ერთეულად და ეწოდა ოზურგეთის რაიონი. 1934 წელს ფილიპე მახარაძის პატივსაცემად ეწოდა მახარაძის რაიონი. 1960-იანი წლების დასაწყისში რაიონის ტერიტორია შემცირდა: ტერიტორიის ნაწილი გომისმთის მიმდებარედ გადაეცა ქობულეთის რაიონს, მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორიების ნაწილი კი ლანჩხუთის რაიონს. 1963-64 წლებში მახარაძის რაიონს შეუერთდა ჩოხატაურის რაიონი და ცენტრად განისაზღვრა ქალაქი მახარაძე. 1990 წელს რაიონს კვლავ ეწოდა ოზურგეთი, ხოლო 2006 წლიდან — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. 2014 წელს მუნიციპალიტეტს გამოეყო ქალაქი ოზურგეთი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული ძეგლი ვაშნარის ნაქალაქარია.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი ციხეა შემორჩენილი და ორივე თამარ მეფის სახელს ატარებს. ესენია ასკანისა და ლიხაურის ციხეები.
შუა საუკუნეების საეკლესიო ნაგებობებიდან აღსანიშნავია შემოქმედის ეკლესია, რომელიც შემოქმედის ეპარქიის ცენტრია და ჯუმათის ეკლესია, რომელიც ჯუმათის საეპისკოპოსოს ისტორიული ცენტრი იყო. მნიშვნელოვანი ძეგლებია აჭის, ლიხაურისა და ბაილეთის ეკლესიები, სადაც იშვიათი ფრესკებია შემორჩენილი. გარდა ამისა, დარბაზული და ბაზილიკის ტიპის ეკლესიები დგას დვაბზუში, ვანისქედში, კვირიკეთში, მერიაში, მთისპირში, კონჭკათსა და ხრიალეთში.
კურორტები და ტურიზმი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ფლობს უნიკალურ კურორტებს როგორც ზღვისპირეთზე, ასევე ალპურ ზონაში. საქართველოში არსებული ოთხი სარეკრეაციო სტატუსმინიჭებული კურორტიდან – ურეკი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
მუნიციპალიტეტის კურორტები საშუალებას იძლევა ზამთარ-ზაფხულ უმასპინძლოს დამსვენებლებს საქართველოდან თუ საზღვარგარეთიდან, რაც ბიუჯეტის ზრდისა და მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთის კურორტებიდან მოქმედია ურეკი, შეკვეთილი და სამთო კუროტი გომისმთა.
ურეკი
საზღვაო აკვატორია შეკვეთილიდან გრიგოლეთამდე საზღვაო ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. ამ მიზნით ურეკსა და შეკვეთილში შესაძლებელია აშენდეს მინიპორტები, საიდანაც კომეტით, მცირე ზომის სასეირნო გემებით და კატერებით მოეწყობა ექსკურსიები დამსვენებლების და ტურისტებისათვის.
გომისმთა
გომისმთა
კურორტი გომისმთა მდებარეობს აჭარა-გურიის მთაგრეხილის ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე. გომისმთა სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სამთო კურორტია. მისი უნიკალურობა გამოიხატება მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავით.