ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა".
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 92-ე და საბიუჯეტო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა: • შემოსავლები; • არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული სახსრები); • ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა); • ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).
ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა: • ხარჯები; • არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები); • ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა); • ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვისათვის მიმართული სახსრები).
ერთიანი საბიუჯეტო სისტემა ნიშნავს საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციების შესასრულებლად ფულადი სახსრების მობილიზებისა და გამოყენების მიზნით სამართლებრივი აქტებით რეგულირებულ საბიუჯეტო ურთიერთობათა ერთობლიობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 92-ე მუხლის მეორე პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის შემოსულობები იყოფა ორ ნაწილად: საკუთარ და არასაკუთარ შემოსულობებად. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება: • ადგილობრივი გადასახადები; • ადგილობრივი მოსაკრებლები; • გათანაბრებითი ტრანსფერი; • „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" დანართით დადგენილი შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის შემოსულობები განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლებით; • არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები); • ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად ადგილობრივი გადასახადია ქონების გადასახადი. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი გადასახადი არის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი (ზღვრული განაკვეთების ფარგლებში), რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე."
საბოლოო შედეგი შინაარსით სრულ მასშტაბიანია და ძირითადად პროგრამების ჯამს წარმოადგენს. ეს არის მდგომარეობა, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გაანალიზებული პოლიტიკის განხორციელების შედეგად უნდა დადგეს. საბოლოო შედეგი გულისხმობს გარკვეული პრობლემის სრულად აღმოფხვრას, არსებითად ახალი მდგომარეობის დამყარებას, ახალი წესის დანერგვას, მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შესაბამის სფეროში, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის პრიორიტეტებზე. საბოლოო შედეგის მიღწევა უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ მიიღწევა და მისი დადგომა ხშირ შემთხვევაში გულისხმობს, პროგრამის მთლიანად ან არსებული ფორმით არსებობის შეწყვეტას. თუმცა ისეთი პროგრამებისთვის რომლებიც თავისი შინაარსით მუდმივია და ემსახურება სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ძირითად საქმიანობას. მისი საბოლოო შედეგიც ზოგადი ხასიათისაა, მდგომარეობის სტაბილურად შენარჩუნებაზე ან გაუმჯობესებაზეა მიმართული და დასახული შედეგის მიღწევა ამ შემთხვევაში ვერ იქნება პროგრამის დასრულების ნიშანი.