სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

03/12/2019

აქტიური მოქალაქეები - ძლიერი მუნიციპალიტეტი





სოლიდარობის ფონდი PL საქართველო“-ს ორგანიზებით, ქ.თბილისში კონფერენცია „აქტიური მოქალაქეები - ძლიერი მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“ გაიმართა. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელებით, სერტიფიცირების პროცესი წარმატებით გაიარა და დაჯილდოებულ მუნიციპალიტეტებს შორის აღმოჩნდა. 

ინტერ-სააგენტოს კონსორციუმმა, რომელიც შეიქმნა საქართველოში მიმდინარე PB პროცესის უზრუნველყოფის და გაუმჯობესების მიზნით, სერტიფიკატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას გადასცა. 

კონფერენციაში პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაცია და საკრებულო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. 

კონფერენციაზე მოსახლეობის ჩართვის ახალ მექანიზმებზე, თანამონაწილეობასა და შერჩეული საპროექტო ინიციატივების რეალიზაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და დისკუსია წარმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, პარტიციპაციის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ნანა თავდუმაძემ. 

კონფერენციაზე ასევე გაიმართა 2019 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესების პრეზენტაცია, დისკუსიის სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესების, მეთოდოლოგიისა და განვითარების, ადგილობრივი სამოქალაქო ჩართულობის ახალი მექანიზმების შესახებ. 

სამოქალაქო ბიუჯეტი (PB) წარმოადგენს პირდაპირი დემოკრატიის ერთ –ერთ ყველაზე მოწინავე მექანიზმს, რაც გულისხმობს საზოგადოების მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის მიმართულებით. 

კონფერენცია ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტი, როგორც თვითმმართველობის ცხოვრებაში მოსახლეობის აქტივაციის და მონაწილეობაში ჩართული პერსონალის პროფესიონალიზაციის ინსტრუმენტი საქართველოში“ ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების სფეროში პოლონეთის დახმარების პროგრამის მხარდაჭერით.