იყავი თანამმართველი! - თანამონაწილეობითი ბიუჯეტი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge
იყავი თანამმართველი! - თანამონაწილეობითი ბიუჯეტი

 

 

◉ პროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარი.

◉ პროექტი გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება. 
სიახლე, სატესტო ეტაპზე, მხოლოდ ქალაქ ოზურგეთს მოიცავს. 
მოქალაქეთა მონაწილეობითი მოდელი მოიცავს ჩართულობის ტექნიკური მექანიზმებს, საპროექტო განაცხადების ელექტრონული წარდგენისა და ადმინისტრირების წესს, ხმის მიცემის სერვისს, პროექტის ღირებულების კოეფიციენტის განსაზღვრის წესს, შესასრულებელი პროექტების შესრულების რიგითობას პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი  თანხის გათვალისწინებით.

■ მოქალაქეთა მონაწილეობა ხელისუფლების საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დემოკრატიის  მნიშვნელოვანი კომპონენტია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეს კომპონენტი იძენს ადგილობრივ ხელისუფლებასთან  მიმართებაში.

■ ჩართულობის მექანიზმების გამართულ მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული თვითმმართველობების საქმიანობის ეფექტურობა.

■ საკითხი აქტუალურია ოზურგეთშიც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა გამსხვილებული ტიპის თვითმმართველი ერთეულები, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ისეთი მექანიზმების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას, თვითმმართველობის ორგანოების საჯაროობასა და ანგარიშვალდებულებას, აგრეთვე მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში.

■ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სფეროში არსებული ძირითადი აქტორების - მოსახლეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.

■ ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული დასკვნები არსებული მდგომარეობის შესახებ და შევიმუშავოთ სათანადო რეკომენდაციები.

■ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში , მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:

■ დასახლების საერთო კრება, რომელიც დასრულდა ოზურგეთში და იყო ძალიან ეფექტური, წარმომადგენლობითი და გამორჩეულად ინტერაქციული. ასევე, პეტიცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და  მუნიციპალიტეტის მერის  მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

■ იმ ქვეყნებში, სადაც დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, სამოქალაქო ჩართულობის წახალისება ადგილობრივ დონეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთ ქვეყნებში საზოგადოება ხშირად არ არის კარგად აღჭურვილი და ინფორმირებული იმისთვის, რომ, სასურველი შედეგების მისაღწევად, აქტიურად ჩაერთოს ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელებაში.

■ საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელობა ასევე ხაზგასმულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ პრეამბულაში.

■ მიუხედავად საზოგადოებრივი ჩართულობის დაბალი დონისა, ოზურგეთში არსებობს პარტნიორობისა და თანამშრომლობის წარმატებული შემთხვევებიც, მაგალითად გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემოვიდა 3 პეტიცია. პირველი - ლიხაურის მოსახლეობა ითხოვდა 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაციას, ამისთვის საჭირო თანხები მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა და ლიხაურში წელს სკვერის კეთილმოწყობაზე 10 000 ლარი დაიხარჯება, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

■ მეორე პეტიცია ეხებოდა ქალაქ ოზურგეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის მოთხოვნას, რის შემდეგაც შეიქმნა ა(ა).ი.პ. „ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი,“ რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განაშენიანების გენერალური გეგმის, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის , მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და  ქალაქის გეოინფორმაციული მოდელის მომზადებაზე იმუშავებს.

■ გარდა ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“ ერთად იწყებს ახალ პროექტს, რომელიც სამოქალაქო ბიუჯეტირების მიმართულებით განხორცილდება. პროექტი, პირველ ეტაპზე, მხოლოდ ქალაქს მოიცავს. მიღებული შედეგის მიხედვით ვიფიქრებთ მისი მასშტაბების გაზრდაზეც.

■ მერია მზადა არის საკრებულოსთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით იმუშაოს  დასახლებებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით  განსახორციელებელ კამპანიაზე და  გამოყოს ამისთვის საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსი.