ოზურგეთში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლამ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს უმასპინძლა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების კუთხეები – ხელნაკეთი ნივთების, ტრადიციული კოსტიუმების, კოლეჯ „ჰორიზონტის“ და ოზურგეთის ტექნოპარკის ნამუშევრების გამოფენა და ტრადიციული კერძების პრეზენტაცია. ბავშვებისთვის გაიმართა სხვადასხვა სახალისო აქტივობები და ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ანსამბლი „შვიდკაცა,“ ნასაკირალის სკოლის საბავშვო სტუდია. ასევე, კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი, ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლი „გურია“ და ოზურგეთის თოჯინების თეატრი.

ღონისძიების მიზანი რელიგიურ-ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შენარჩუნება, ერთმანეთის ურთიერთპატივისცემა და მშვიდობიანი თანაცხოვრება გახლდათ.

ტოლერანტობის დღე 1996 წლიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება.

მსგავსი სტატიები