2023 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

ოზურგეთში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

საკონსულტაციო შეხვედრები დღეს ნაგომრისა და ძიმითის ტერიტორიულ ერთეულებში გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე და სოფლებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს პროგრამით დასაფინანსებელი პროექტები გააცნეს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა სანიაღვრე არხების მოწყობა, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა, წყლის სისტემის მოწესრიგება და სკვერის კეთილმოწყობა დაასახელეს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად ისახავს საერთო გადაწყვეტილების შედეგად, პრიორიტეტული პროექტების გამოვლენას.

წელს პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ოზურგეთს 1 086 000 ლარი გამოეყო. მუნიციპალიტეტი კი შერჩეული პროექტების განსახორციელებლად თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს.

რაც შეეხება გასული წლის პროგრამას, მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულებულია, ასევე წარმატებით ხორციელდება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის,“ – აღნიშნა ნიკა ბოლქვაძემ.

 

    

მსგავსი სტატიები