ოზურგეთში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ოზურგეთში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს პროგრამით დასაფინანსებელი პროექტები გააცნეს. ადგილობრივებმა კი პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასახელეს.

„მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 1 086 000 ლარი დაიხარჯება; ცენტრალური ბიუჯეტით გამოყოფილ დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ვუმატებთ თანხას. თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოქალაქეები თავად შეარჩევენ. ჩვენი გეგმების და პროექტების შეთანხმება სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს იაქტიურონ და ჩაერთონ საკონსულტაციო განხილვაში,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

საკონსულტაციო შეხვედრები ოზურგეთში მიმდინარე წლის 22 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება – იხ. შეხვედრების გრაფიკი: //ozurgeti.mun.gov.ge/?p=25052

მსგავსი სტატიები