საინვესტიციო ფორუმი – გურიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები

20 მაისს, ოზურგეთში, რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მიზანი რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივების პანდემიის შემდგომ პერიოდში  წარმოჩენა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის,  საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებისთვის დიალოგისა და დისკუსიის სივრცის შექმნაა.

შეხედრაზე რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომლებიც დაფინანსდა გაეროს განვითარების პროგრამის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ინვესტორთა დაინტერესების გზას რეკრეაციული და სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში ხედავს. შესაბამისად, მის საინვესტიციო პროფილში ასახულია ზღვისა და მთის კურორტები, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებისა და გადამზადების ადგილობრივი შესაძლებლობები.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ანა ჩერნიშოვამ. ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ACD)  თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კარნერმა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის  კომიტეტის თავმჯდომარე – სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი სახოკია, ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე და პროგრამა – „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები.

რეგიონული საინვესტიციო ფორუმების მხარდაჭერა UNDP-ის მასშტაბური პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის, ავსტრიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოების ხელშეწყობით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები