დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს. საკრებულო, გარდა მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, ა(ა)იპ-ების და შპს-ების მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენისა, კიდევ 4 საკითხზე იმსჯელებს. ესენია: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების მიღება. ნორმატიული აქტის პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა, სხდომაზე კი მის მიღებას ეყრება კენჭი. ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხია. განკარგულების პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვმ და 502 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ, საკუთრებაში სახელმწიფოს, შემდგომში შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-სთვის გადაცემას ეხება. 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების ასახვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე. სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში ზრდა 7 431 349 ლარით იგეგმება. ,,იაპონიის საელჩო საქართველოში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის, გრანტის გადაცემის თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ“ განკარგულების მიღება დღის წესრიგით გათვალისიწნებული მეოთხე საკითხია. განკარგულების პროექტი ერთი ერთეული მცირეგაბარიტიანი ნაგავმზიდის და 20 ერთეული სანაგვე ურნის შეძენის მიზნით, იაპონიის საელჩოსგან გრანტის მიღებას ეხება. საკრებულო გრანტის გადაცემის თაობაზე შეთანხმების შესახებ განკარგულებას დაამტკიცებს. დღესვე ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომისიას, საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოში ინიცირებული დადგენილების პროექტის შესწავლა, დასკვნის მომზადების მიზნით დაავალა. დადგენილების პროექტი იმ დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცებას ეხება, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება. საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების ,საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირისა და გურიის ახალგაზრდული რესურცენტრის წარმომადგნელებმა ბიუროს წევრებს წარუდგინეს. დადგენილების მიღების მიზანი კი დასახლებებში საერთო კრების ამოქმედებაა.