ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. მისი ფართობი შეადგენს 643,07 კმ2.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით – აჭარა-გურიის ქედი, მდინარე ჩოლოქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; აღმოსავლეთით – ჩოხატაურის, ხოლო ჩრდილოეთით – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია შავმიწა-ალუვიური და ეწერმიწა ნიადაგები. მუნიციპალიტეტის გორაკ-ბორცვიან ზოლში გავრცელებულია წითელმიწა ნიადაგები. მდინარეების, ნატანებისა და ბჟუჟის ტერასებზე განვითარებულია ალუვიური მეორადი წარმოშობის წითელმიწა ნიადაგები, ხოლო ზღვისპირა ზოლში ჭაობიანი ეწერ-ლებიანი ნიადაგები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაღარულია მდინარეებითა და ხეობებით, მდინარეები მიეკუთვნებიან შავი ზღვის აუზს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარე სუფსა (20 კმ-მდე), რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზევე ერთვის მდინარე ბახვისწყალი. ასევე, მნიშვნელოვანი მდინარეა ნატანები შენაკადებით: ბჟუჟი, ჩოლოქი, ბოგილა და სხვა. მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ ლანქერებით, წვიმებით, ნიადაგის წყლითა და წყაროებით. ზღვის შესართავთან ისინი ხელს უწყობენ დაბლობის დაჭაობებას. მდინარე ჩოლოქი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოჰყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისგან. მდინარეები მდიდარია თევზით. გვხვდება კალმახი, წვერა, ორაგული, ღორჯო.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უმაღლესი ადგილები მისი საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ უბანზეა. აქ არის მუნიციპალიტეტის უმაღლესი მწვერვალები: მთა საყორნია (2756 მ.) და გუნიისთავი (2132 მ.).
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ვაკეა, რაც მდინარე ნატანების ჭალებს წარმოადგენს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 20 მეტრია.
ვაკის ჩრდილოეთით მდებარეობს გურიის სერის სამხრეთ-დასავლეთი დაბოლოება, სადაც ზღვის დონიდან სიმაღლე საშუალოდ 120 მეტრია. აქ მდებარეობს იაკობის მთა წვერმაღალასთან, რომლის სიმაღლე 145 მეტრია.
ჰავა ხასიათდება სუბტროპიკული ნოტიო კლიმატით. ტენიანობას განაპირობებს შავი ზღვის საიხლოვე და აღმოსავლეთიდან გარშემორტყმული მაღალი ქედები. ტენიანობა განსაკუთრებით მაღალია ზაფხულში. ნალექების საშუალო წლიური ოდენობა შეადგენს 2100–2800 მმ.-ს. ნალექების მაქსიმუმი სექტემბერში მოდის, მინიმუმი – მაისში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5°C-დან -4°C-მდე, ყველაზე ცივი თვეა იანვარი (+5°C-დან -5°C-მდე), ხოლო ყველაზე თბილი – აგვისტო (+23°C-დან +13°C-მდე). აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურაა -17°C-18°C (ზღვისპირა დაბლობი) და -30-32°C (მაღალ მთებში). აბსოლუტური მაქსიმუმი 31-41°C შორის მერყეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის დამახასიათებელია სეზონური ქარები: ზამთარში ქრის სამხრეთ-აღმოსავლეთის, ხოლო ზაფხულში დასავლეთის ქარები. ქარის საშუალო სიჩქარე შეადგენს 3,2 მ/წმ. ზამთარსა და გაზაფხულზე იცის ფიონები, თუმცა მათ ნაკლები ზიანი მოაქვთ, ვიდრე დასავლეთ საქართველოს სხვა მხარეებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოქცეულია 5–6 ბალიან ზონაში მიწისძვრების საშიშროების თვალსაზრისით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყეს უკავია 17021 ჰექტარი. მცენარეულ საფარს ქმნიან წაბლი, რცხილა, წიფელი, თხმელა, ქვეტყის სახით გვხვდება მოცვი, შქერი, წყავი. ბუნებრივი ტყეები შემორჩენილია მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ მაღალმიან მხარეში. ზღვის დონიდან 700-1700 მეტრზე არის ფოთლოვანი ტყე (მურყანი, რცხილა, წიფელი), ხოლო 1700-2100 მეტრზე წიწვოვანი ტყე (ფიჭვი, სოჭი, ნაძვი). ტყეებში გავრცელებულია დათვი, შველი, კვერნა, ტურა, ფოცხვერი, ციყვი, მგელი, თხუნელა, ზღარბი, მაჩვი, კურდღელი, სინდიოფალა. ფრინველებიდან გავრცელებულია ძერა, ყვავი, ორბი, შაშვი, ჩხართვი, გარეული იხვი, ჭაობის ქათამი, ნიბლია, კოდალა, თავშავა, გულწითელა, ქორი. გაზაფხულზე შემოდიან გადამფრენი ფრინველები: ღაჟო, იადონი, მწყერი, ოფოფი, გვრიტი, მწ
იფობელა (კვირკვილი).
მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლის აღწერით იყო 77 200 ათასი კაცი; 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა იყო 84 126 კაცი.
2014 წელს, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტს ქალაქი ოზურგეთი გამოეყო, მისი მოსახლეობა დაახლოებით 63 ათასი ადამიანია. მათი 96% ქართველია, ძირითადად ცხოვრობენ გურულები, ასევე აჭარლები. აგრეთვე ცხოვრობენ სომხები (2%) და რუსები (1%). მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, მცირე ნაწილი – მუსლიმები, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენელთა მცირე ჯგუფები: იეჰოვას მოწმეები მერიაში და „მეს-ის“ („მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში“(ე.წ. ბოსტონის დაჯგუფება) წევრები შემოქმედში.
მუნიციპალიტეტში 73 დასახლებული პუნქტია. სიმჭიდროვე — 98,58 კაცი კმ 2-ზე.