გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთში თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აკვაკულტურის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
„ბიზნესოპერატორებს, ვინც აქტიურადაა ჩართული აკვაკულტურის საკითხებში, გავაცანით სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობები. ლაბორატორიას აქვს რესურსი, ყველა საჭირო კვლევა ჩატარდეს სრულყოფილად. მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება არის გარანტია, ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი პროდუქტით, ხოლო მეორე მხრივ, ქართული პროდუქციის ინტეგრაცია მოხდეს ევროკავშირის ბაზარზე”, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა დეტალურად ისაუბრა აკვაკულტურის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ კვლევებზე. საუბარი შეეხო ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს.
თევზმომშენებელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თევზმომშენებელი ფერმების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.