ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საკრებულოს წევრმა, უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე ვრცლად ისაუბრა.
მან ყურადღება გაამახვილა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესზე. “. ჩემი, როგორც საკრებულოს წევრის, ინიციატივით 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი კოლეგებთან ერთად საჯარო სივრცეში განვიხილეთ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად ინდივიდუალურ რეჟიმში. აქტიურად ვმონაწილეობდი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს შენიშვნა-რეკომენდაციების შემუშავებაში, რომელთა ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული იქნა ბიუჯეტის საბოლოო პროექტში”- აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
აქცენტი გააკეთა მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, როგორც ფუნდამენტურ საკითხზე და დეტალურად წარმოადგინა უშალოდ მის მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტები.
გიორგი ღურჯუმელიძემ ანგარიშში ფრაქციულ მუშაობაზე, პოლიტიკური გუნდის “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ ვალდებულებებზეც ისაუბრა. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილ პრიორიტეტულ საკითხებსა და მის გადაჭრის გზებზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩევლებს. “მომავლის გეგმებიც დავუკავშირე ადგილობრივი საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის გამოვყოფ ძირითად საკითხებს. ესენია: მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა; დამისამართების პრობლემის გადაჭრა; სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა; ახალგაზრდების ინიციატივების სტიმულირება; მუნიციპალიტეტის კომუნალური სერვისების გაუმჯობესება; სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზ ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.