ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე 15 საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შევიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ, განკარგულების დამტკიცება, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე განკარგულების მიღება, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ,,ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ შესაბამისი სამართლებრივი აქტის დამტკიცება. მერიამ საკრებულოს ბიუროს წარუდგინა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი. როგორც მომხსენებლმა, მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა მიხეილ შილაკაძემ სხდომაზე განმარტა “მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დროს მოცემულ საშტატო ნუსხით არ იგეგმება შტატების შემცირება, საშტატო ნუსხას ემატება 5 საშტატო ერთეული. “ასევე, წარმოდგენილი საშტატო ნუსხა ითვალისწინებს მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის შეერთებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან და სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურიდან, ზედამხედველობის განყოფილების გამოყოფას, რომელიც გარდაიქმნება სამსახურად. ” მანვე ბიუროს წარუდგინა მერიის სამსახურების დებულებების პროექტები. ბიუროს გადაწყვეტილებით: “აღნიშნული საკითხები განსახილველად დაეწეროს შესაბამის დარგობრივ კომისიებს, კომისიების მიერ განხილვისა და დასკვნების წარმოდგენის შემთხვევაში, საკითხები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით, შეტანილ იქნას საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში.