საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა

“დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის შექმნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში” – ახალი პროექტია, რომელიც დღეს, ოზურგეთის საკრებულოსთან არსებულ საზოგადოებრივ დარბაზის სხდომაზე განიხილეს. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. საზოგადოებრივი დარბაზისა და საკრებულოს წევრებს პროექტის ინიციატორებმა, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის წარმომადგენლებმა, პროექტის მიზანსა და გათვალისწინებულ საქმიანობებზე მიაწოდეს ინფორმაცია. პროექტით გათვალისწინებულია დასახლების საერთო კრების დაფუძნების გამარტივებული მოდელის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს ამავე და სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობას თვითორგანიზებით დააფუძნოს საერთო კრებები და აირჩიოს რჩეულები. ეს ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მზარდი მონაწილეობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. პროექტის ფარგლებში იგეგმება ინოვაციური ელექტრონული მექანიზმის დანერგვა, საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება. პროექტი “დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის შექმნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით” ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის მიერ.