ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული პროექტით იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ გამარჯვებული გახდა.
შედეგად მუნიციპალიტეტს გადაეცემა თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების შესაგროვებელი მძიმე ტექნიკა კონსტრუქციულად შესაბამისი სანაგვე ურნებით, რაც დაეხმარება ქალაქს გადავიდეს ნარჩენების სეგრეგაციაზე და ნარჩენების მართვის უფრო მდგრად მოდელზე.
გარდა ოზურგეთისა, პროგრამის გამარჯვებულები ბათუმისა და გორის მუნიციპალიტეტები არიან.
სამი გამარჯვებული პროექტის ხელმოწერის ცერემონია იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას რეზიდენციაში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ალეკო მამეშვილი, ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მომსახურების ცენტრის“ დირექტორი თენგიზ ქუტიძე და საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების ზრდას და მდგრად განვითარებას.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან იაპონიამ დააფინანსა 176 საგრანტო პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 17 მილიონ დოლარზე მეტი.
საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოებას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა.