ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშების წარდგენა გრძელდება.
საკრებულომ დღეს, მერიის სამსახურებთან ერთად დარგობრივი კომისიების გაწეული მუშაობა მოისმინა და შეაფასა.
ანგარიშები წარადგინეს საკრებულოს განათლების, სოციალურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელებმა. აგრეთვე, საკრებულომ ინფორმაცია მოისმინა მერიის ზედამხედველობის, ინფრასტრუქტურისა და განათლების, სოციალურ საკითხთა სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
ანგარიშებში აისახა ყველა ის აქტივობა და შესრულებული ვალდებულება, რომელიც მუნიციპალიტეტმა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიხედვით შეასრულა. კითხვა პასუხის ფორმატში, გაჟღერდა ყველა ის საკითხი, რომელიც მოქალაქეების ინტერესს წარმოადგენს.
ანგარიშების წარდგენამდე, საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე საკითხზე. მათ შორის: ცვლილება შევიდა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის მისაღებად. ვადა გაუგრძელდა დროებით სამუშაო ჯგუფებს.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, ფოლკლორის ცენტრში 25 მარტს 12 საათზე განახლდება. სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო, შიდა აუდიტის სამსახურებისა და მერის მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშებს მოისმენენ.