დღეს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, დაბა (კურორტი) გომისმთის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა.
დაბა გომისმთის განვითარების გეგმის პროექტზე აკაკი ზერეკიძემ, განაშენიანების გეგმის შესახებ ვახტანგ ჯოხაძემ ისაუბრა, ხოლო განაშენების გეგმის ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების შესახებ ლადო ვარდოსანიძემ გააცნეს საზოგადოებას.
მომხსენებლების თქმით, განაშენიანების გეგმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის, მათ შორის სამთო-სათხილამურო მიმართულების განვითარებას, კურორტად ჩამოყალიბებას, ტურიზმის განვითარებას, ასევე სხვადასხვა უწყებების განთავსებას, ინფრასტრუქტურის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას და ა.შ. განხორციელებას ითვალისწინებს.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ელექტრონული სისტემის საშუალებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ა.(ა.)ი.პ. „საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტს,“ შორის მიმდინარე წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს.