საბჭოთა ოკუპაციის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ოზურგეთის მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში 1921 წლის 11 თებერვალს შეიჭრა. ბრძოლები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯრის მდელოებზე გაიმართა, სადაც საბრძოლო გამოცდილების არმქონე სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა მტერს წინააღმდეგობა გაუწიეს. 1921 წლის 25 თებერვალს იუნკერთა დიდი ნაწილი კოჯრის მახლობლად გმირულად დაეცა. გარდაცვლილი იუნკრები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.
საარქივო მასალებზე დაყრდნობით საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა და რეპრესირებულთა რაოდენობა 500 ათას ადამიანს აჭარბებს.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაეშვა.