ქუთაისში, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG)-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -„გაუმჯობესებული სოციალური პროგრამირება ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საქართველოს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში შემუშავდება სოციალური საჭიროებების შეფასების სახელმძღვანელო მითითებები და ინსტრუმენტები. პროგრამის განხორციელების შემდეგ კი მოხდება სოციალური პროგრამების შეფასება 10 შერჩეულ მუნიციპალიტეტში, ხოლო საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გავრცელდება.
“დღეს, ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბავშვზე მორგებული პროგრამების განვითარების შესახებ. ეს მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ბავშვები ჩვენი მთავარი საზრუნავი და ჩვენი ცხოვრების ძვირფასი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ბავშვს, ყველა ოჯახიდან ექნება თანაბარი განვითარების შესაძლებლობა“,- აღნიშნა, ოზურგეთის მერის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ.
შეხვედრას ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.