26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ოზურგეთის მერიის ჩართულობით იმართება.

ღონისძიებას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, თამარ ბარკალაიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად ესწრება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავდაპირველად ოზურგეთის საკათედრო ტაძრის პარკში მდებარე საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.

მათ ასევე დაათვალიერეს მერაბ ბერძენშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამდედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში, გახსნილი ჯემალ მიმინოშვილის სკულპტურა „ფირალი,“ მისი ნამუშევრები, ასევე გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა.

„26 მაისს ვულოცავ მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს და უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის! მთელი ჩვენი ისტორია თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაა. ამ იდეისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათი ბრძოლის შედეგად 1918 წლის 26 მაისს, ასრულდა ყველა ქართველის ოცნება – საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

საქართველო დღეს დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენი უპირველესი ვალია გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, დავიცვათ ეროვნული ფასეულობები და ავაშენოთ ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო, ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ და ისეთი, როგორიც ჩვენს შვილებს სჭირდებათ!

დღევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულია ოზურგეთისთვის – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ახალი ინიციატივებით და გეგმებით ვხვდებით. სულ მალე ოზურგეთი ევროპული მუნიციპალიტეტი იქნება, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე შეძლებს ღირსეულად იცხოვროს, თანამედროვე ქალაქში და განვითარებულ სოფლებში, “ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ

26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 17:10 საათზე შესრულდება ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მიეძღვნება. საღამოს კი დასკვნითი კონცერტი გაიმართება მოწვეული სტუმრების მონაწილეობით: აჩიკო ნიჟარაძე, სოფო გელოვანი, თემურ თათარაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად.

 

      

      

მსგავსი სტატიები