დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ოზურგეთში, ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ოზურგეთის მერიის ჩართულობით, იმართება.
ღონისძიებას ესწრებიან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან ერთად, მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკეს. მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახივითი ხელოვნების ცენტრში, გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა და ჯემალ მიმინოშვილის სკულპტურა „ფირალი“ და მისი ნამუშევრები დაათვალიერეს.
ჭადრების პარკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საგამოფენო სივრცეებში, ადგილობრივი რეწვის ოსტატების და ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ნაწარმის გამოფენა დაათვალიერს და გურული კერძების დამზადების მასტერკლასს დაესწრნენ.
„ მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. ქართველი ხალხის ეს მონაპოვარი ყველაზე დიდი ფასეულობაა. ვუსურვებ ჩვენ ქვეყანას სიძლიერეს, გამთლიანებას და წინსვლას“ – საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 17:10 საათზე შესრულდება ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მიეძღვნება. საღამოს კი დასკვნითი კონცერტი გაიმართება მოწვეული სტუმრების მონაწილეობით: აჩიკო ნიჟარაძე, სოფო გელოვანი, თემურ თათარაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად.
მსგავსი სტატიები