გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მხარისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ფერმერ ნიკოლოზ გობრონიძის თხილის ბაღი დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.
პროგრამით „დანერგე მომავალი“ თხილის ბაღი ფერმერმა ნიკოლოზ გობრონიძემ 20 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10,500 ლარია; ფერმერმა 50,000 ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. მათ შორის, კაკლოვნები 8,455 ჰექტარზე; სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს.
რაც შეეხება გურიის რეგიონს, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები 500 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული, მათ შორის თხილი 68 ჰექტარზე. სახელმწიფო თანადაფინანსება 7 მილიონ ლარს აჭარბებს.