ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ“ იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე განიმარტა, პროექტი მიზნად ისახავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, ახალგაზრდები, და ა.შ) ჩართულობას სოციალური მიზნების მქონე სხვადასხვა პროექტებში, ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომისიის წევრების შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი პასუხობდა.
კომისიამ დადებითი დასკვნა შეიმუშავა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი შეტანილ იქნას ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვისა და დამტკიცების მიზნით.