ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში შ.პ.ს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მიერ შატო ,,როიალ ასკანას“ მშენებლობა მიმდინარეობს.
ღვინის ქარხანაში წარმოდგენილი იქნება ღვინისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებისათვის განკუთვნილი სივრცეები, ასევე ტურისტულ შემეცნებითი, საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსი, დახურული და ღია სატრაპეზოები, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ღია ვერანდები და საცურაო აუზი. შენობის არქიტექტურულ სივრცით კომპოზიციური გადაწყვეტა და ფასადების მორთულობა გადაწყვეტილია ბიზანტიურ-მავრიტანულ სტილში.
მშენებლობის მიმდინარეობას ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, ბიზნესმენ, „როიალ ასკანას“ დამფუძნებელ ზურაბ ჩხაიძესთან ერთად გაეცნო.
„ოზურგეთის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია მუნიციპალიტეტისთვის საჭირო და სასარგებლო იდეებისა და პროექტების მაქსიმალური მხარდაჭერა. „როიალ ასკანა“ იქნება უნუკალური, მრავალფუნქციური შენობა, რომელიც ასკანას და ჩვენს მუნიციპალიტეტს უამრავ სიკეთეს მოუტანს. ადგილზე დასაქმებულია და მომავალშიც დასაქმდება ბევრი ადგილობრივი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩხაიძეების ოჯახს,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.
„ასკანა ჩემი მშობლური სოფელია, რომელიც საჩვენებელი სოფელი უნდა გახდეს, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ადგილზე განვავითაროთ მევენახეობა და ადგილობრივებს წარმოებული პროდუქტის გასაღების ბაზარი შევუქმნათ. ვაწარმოოთ ისეთი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთაშორისო ბაზარზე,“ – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.