ოზურგეთის საკრებულომ დღეს, 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
„მადლობას ვუხდი საკრებულოს და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საკრებულოში, ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის!
2023 წლის ბიუჯეტი ოზურგეთის განვითარებაზეა ორიენტირებული და მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაზე იქნება მიმართული. ბიუჯეტი 34,480,000 ლარით განისაზღვრა, რაც გასულ წელთან შედარებით 6,5 მილიონ ლარზე მეტია. ამას წლის განმავლობაში, ცენტრალური ფონდებიდან მნიშვნელოვანი პროექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსებაც დაემატება.
საბიუჯეტო რესურსები მაქსიმალურად მორგებულია ჩვენს მიერ დაანონსებული 8 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რომელიც ოზურგეთში წყალმომარაგების პრობლემების მოგვარებას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განახლებას, სპორტულ და რეკრეაციულ პროექტებს, სატრანსპორტიო სისტემის განვითარებას, გარემოსდაცვით საკითხებს და დასაქმების ხელშეწყობას მოიცავს.
ამ ამოცანების შესრულების მიზნით, ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, რათა დამატებითი დაფინანსების მობილიზება მოხდეს ცენტრალური ბიუჯეტიდანაც. როგორც ყველასთვის ცნობილია, 2022 წელს უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს და გარდა ადგილობრივ ბიუჯეტში ფონდებიდან ჩარიცხული თანხებისა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია -მშენებლობისათვის 210 მილიონ ლარზე მეტის სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების დაწყება გახდა შესაძლებელი.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენ შევასრულეთ დაპირება ოზურგეთისთვის მეტი ბიუჯეტის და დაფინანსების მოზიდვაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს – 2022 წლის ბიუჯეტში ოზურგეთისთვის უპრეცედენტო დაფინანსების – 67 მილიონი ლარის ჯამური ბიუჯეტის მობილიზება შევძელით, რამაც საშუალება მოგვცა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტები დაგვეწყო და შეგვესრულებინა.
ჩემთვის, როგორც მერისთვის, მნიშვნელოვანია საკრებულოსთან ერთად საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული დისკუსიით, ერთობლივად ვუპასუხოთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებს.“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ