ოზურგეთის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის მერიის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ახალი პროექტები წარადგინა.
„პირველ რიგში მინდა მივულოცო აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. ბუნებრივია, განსაკუთრებით მახარებს, ოზურგეთელი ახალგაზრდების წარმატება – ძალიან ნიჭიერი ახალი თაობა გვყავს და ეს გამოცდების შედეგებზეც აისახა. მადლობას ვუხდი პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი და დამსახურებაც დიდია მათ წარმატებაში! მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს წაახალისებს. წელს 7 ოზურგეთელი სტუდენტი მიიღებს ჯილდოს და ასევე ფულადი ჯილდო გადაეცემათ სკოლებსაც,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
როგორც ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე აღნიშნა, ოზურგეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.
„ვიწყებთ ქალაქის კიდევ ერთი ცენტრალური მაგისტრალის – კოსტავას გამზირის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციას. პროექტი უკვე მომზადებულია და სამუშაოებზე ტენდერი ოქტომბერში გამოცხადდება. მოგეხსენებათ, უკვე წლებია კოსტავას ქუჩა – ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი – სავალალო მდგომარეობაშია და ძალიან აწუხებს თითოეულ ადამიანს ვინც აქ ცხოვრობს და გადაადგილდება. დაგეგმილი გვაქვს გზის საფარის სრულად განახლება, ახალი განათების სისტემის მოწყობა, საფეხმავლო და ველო ბილიკების კეთილმოწყობა და გამწვანება
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია – არის სოფელ ოზურგეთი-ნატანების შიდა სახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. დასრულდა სამუშოების პირველი ეტაპი და უახლოეს პერიოდში მთლიანად დასრულდება გზის საფარის მოწყობა. გახსოვთ ოპოზიციის წარმომადგენლების წინასწარი სპეკულაციები ამ თემაზე, რომ სამუშაოები ნელი ტემპით წარიმართებოდა და პროექტს ვერ დავასრულებდით – სინამდვილეში, 25 დღეში მოხდა ძირითადი სამუშაოების განხორციელება და პირველი ფენა ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობა,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.
შემდეგი საკითხი, რაზეც მერმა ისაუბრა სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას ეხება:
„გვაქვს კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე გაზიფიცირების მიმართულებით. ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას და ოზურგეთის იმ სოფლებში ვიწყებთ გაზიფიცირების სამუშაოებს, სადაც ეს პრობლემა წლებია დგას. გაზის შეყვანა და დაერთება მოხდება შემდეგ სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში: გოგიეთი, ჯუმათი, ძირიჯუმათი, ბოგილი, იანეთი, დვაბზუს ნასაკირალი, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი და უკანავა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. ოზურგეთის სახელით მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის – სამუშაოების დასრულების შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება“.
მერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გრძელდება ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. უკვე გამოცხადდა ტენდერი სოფელ მშვიდობაურის სკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის, რომელიც ითვალისწინებს გათბობის სისტემის მოწყობასაც. ზრუნვა მომავალ თაობაზე, მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მან ყურადღება გაამახვილა 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე, რომელიც წყალმომარაგებას ეხება:
„განვაგრძობთ ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე მუშაობას – ეს გახლავთ წყალმომარაგების მიმართულება. ამჟამად მიმდინარეობს ზემო ნატანების უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. სამუშაოების 70% პრაქტიკულად დასრულებულია: შედეგად, მოეწყობა ცენტრალიზებული ქსელი, ჭაბურღილები, რეზერვუარი, საქლორატორო და ნატანების მოსახლეობა ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამ პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება“.
მერმა ასევე ისაუბრა გომისმთის განვითარების გეგმაზეც: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრებულომ მხარი დაუჭირა გომისმთის განვითარების სტრატეგიას, რასაც უახლოეს მომავალში მოყვება გენგეგმის დამტკიცება. ეს პრაქტიკულად სრულად დაარეგულირებს გომისმთის განვითარებას. მოგეხსენებათ, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენი წინამორბედებისგან გომისმთაზეც გადმოვიბარეთ უმძიმესი მემკვიდრეობა – ქაოტური განაშენიანება, განვითარების გეგმის არქონა, დაუცველი საკუთრების უფლება და უსუსტესი ადმინისტრირება.
ამ საკითხზე მხარის გუბერნატორთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მთავრობასთან და მომდევნო სხდომებზე გაგაცნობთ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას – თუ როგორ ვაპირებთ გომისმთის განვითარებას. რა ვადებში აშენდება ცენტრალური გზა, ელექტროენერგიის და წყლის სისტემები, როგორ მოხდება თავად კურორტის დაგეგმარება, როგორი სტანდარტი იქნება დადგენილი ახალი სახლების ასაშენებლად და ძველების მოსაყვანად სტანდარტებთან შესაბამისობაში და რაც მთავარია, როგორ მოხდება სამართლიანად საკუთრების უფლების რეგულირება თითოეულ ნაკვეთზე და შენობაზე. გომისმთა არის ოზურგეთის და მთლიანად საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და აქვს დიდი პოტენციალი. ჩვენ, ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ, რომ აქ გვქონდეს კომფორტული და თანამედროვე კურორტი, რომელიც ყველასათვის საამაყო იქნება და სადაც როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე უცხოელი სტუმრები კარგ პირობებში დაისვენებენ,“- დასძინა მან.
ოზურგეთის მერი სხდომაზე გამოეხმაურა უფასო სასადილოსთან დაკავშირებულ საკითხსაც:
„კანონის თანახმად, ჩატარდა მომსახურების მიწოდებაზე ტენდერი, რომელიც როგორც წესი ყოველწლიურად ცხადდება. გაიმარჯვა ახალმა სუბიექტმა, რომელიც ვალდებულია ბენეფიციარებს მოემსახუროს დადგენილი სტრანდარტით. ამას მოყვა ადგილობრივ მედიაში რამდენიმე სტატია, სადაც მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი, თითქოს კვების პირობები არასათანადო და ბენეფიციარებისთვის მიუღებელია. სტატიების გამოქვეყნების დრო და შინაარსი ჩვენთვის საყურადღებო იყო – ამიტომ ჩატარდა მონიტორინგი და გამოიკითხა 180-დან 155 ბენეფიციარი. გადამოწმდა კვების პირობები და რეგულარობა“
მისივე თქმით გამოკითხულთა უდიდესი ნაწილისთვის პირობები იგივე ან უკეთესი და დამაკმაყოფილებელია. გამოიკვეთა ასევე სავარაუდო მანიპულაცია, როდესაც გარკვეული პირები ბენეფიციარებს უკავშირდებოდნენ და ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერას სთხოვდნენ სრულიად სხვა საკითხზე, ვიდრე ეს განცხადებაში ეწერა. შემდგომში ეს განცხადება მედიითაც გამოქვეყნდა.
„ჩვენ რათქმაუნდა პერიოდულად ჩავატარებთ მონიტორინგს, მაგრამ მინდა დაინტერესებულ პირებს ვუთხრა – არავის მივცემთ შეჭირვებული ადამიანებით მანიპულირების საშუალებას. მოხდება ნებისმიერ ასეთ პროვოკაციაზე რეაგირება და არაკეთილსინდისიერი ჩარევის გამოაშკარავება“, – განაცხადა მან.
ოზურგეთის მერმა სხდომაზე ახალი საკადრო გადაწყვეტილებებიც გააცნო საზოგადოებას.
„განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის პოზიციაზე ლალი სიჭინავა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე გერმანე ჭანუყვაძე, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე პავლე ჭყონია დაინიშნა. მინდა ვთხოვო მათ, მაქსიმალურად ეფექტიანად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები და აქტიური კომუნიკაცია შეინარჩუნონ მოქალაქეებთან,“- აღნიშნავს თალაკვაძე.