ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომა

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დღეს მერიის სხდომაზე ახალი პროგრამები და პროექტები წარადგინა. პროექტები ქალაქის ურბანულ განახლებას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემებს, საბავშვო ბაღებისა და გზების კაპიტალურ რეაბილიტაციას ეხება.

„დაზიანებული გზების და კრიტიკული მონაკვეთების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, უკვე დავიწყეთ მუშაობა და ჯამში 11 მილიონი ლარის საპროექტო წინადადებები მომზადდება. უკვე დავიწყეთ ქ. ოზურგეთში ანასეულის გზის სამშენებლო სამუშაოები. მალე ვიწყებთ ნინოშვილის და მალაზონიას ქუჩების ნაწილის, მათ შორის პირველ საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს. ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მაკვანეთი-ლიხაურის საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები. საზოგადოებას დავპირდით და მზადდება პროექტებიი ქ. ოზურგეთში ნინოშვილი-მოსკოვის და მალაზონია-ბაქრაძის ქუჩების სრული რეაბილიტაციისთვის. ცხემლისხიდში სოფ. უჩხუბშიბახვი-ფამფალეთი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მწვავე პრობლემას წარმოადგენდა“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა იქნება.

„ზრუნვა ბავშვებზე, მომავალ თაობაზე, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის იგეგმება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ მთისპირში. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება შემოქმედის საბავშვო ბაღში და მოხდება დაბა ნასაკირალში ხანძრის შედეგად დაზიანებული საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურის განახლება. ამ მიმართულებით სიახლეებს შემდეგ სხდომებზეც გაგიზიარებთ. 1 ივნისიდან საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასი 20 %-ით გაიზრდება“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა.

მერის განცხადებით წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და 8-პუნქტიანი გეგმის პრიორიტეტია – ოზურგეთში ჯამში წყალმომარაგების მიმართულებით 7 მლნ ლარის პროექტები მომზადდება.

„მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრების დროს, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელდა წყალმომარაგება. საკმაოდ მძიმე მდგომარეობა დაგხვდა, იმაზე მეტად ვიდრე მოლოდინი იყო და აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „სატისის“ თანამშრომლებს თითოეულ დაფიქსირებულ პრობლემაზე ოპერატიული რეაგირებისთვის და დღეს ვაძლევ დავალებას ჩემს მოადგილეს და კომპანია „სატისს“ მოამზადოს საპროექტო წინადადებები წყალმომარაგების სისტემების გასამართად შემდეგ ლოკაციებზე: სოფელი ოზურგეთის, ნაგომრისმერია-კონჭკათი-გოგორეთისა და ხვარბეთის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტირება; ასევე უკვე არსებულ ჭაბურღილებზე შემდეგ სოფლებში, ნაღობილევისციხისფერდის ორ უბანში, ხრიალეთში, ნატანების მე-12 უბანში, წყლის მიმწოდებელი ქსელის პროექტირება და შემდგომ დაიგეგმება სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, პროექტები მოიცავს 400-ზე მეტ ოჯახის წყალმომარაგებით უზრუნველყოფას; ასევე, მიმდინარეობს ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქროს მუხუროს უბანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ წყლით უზრუნველყოფილი იქნება 50 ოჯახი. ჯამში წყალმომარაგების მიმართულებით 7 მლნ ლარის პროექტები მომზადდება. რაც შეეხება დაბა ნასაკირალში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, როგორც წინა ჩართვაზე მოგახსენეთ, კომპანიას რომელიც ახორციელებდა აღნიშნულ სამუშაოებს, ვერ შეასრულა ვალდებულებები და შეუწყდა ხელშეკრულება, შეფასდა განსახორციელებელი სამუშაოები და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი პროექტის დასრულებაზე. ასევე, რაც შეეხება დაბა ლაითურში წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემას, გადმობარების დროს აღმოჩნდა რომ 5 ჭაბურღილიდან ფუნქციონირებდა მხოლოდ 2 ჭაბურღილი, გაიზარდა მოთხოვნა წყლის მოხმარების და ვავალებ შპს „სატისს“ უახლოეს პერიოდში უზრუნველყოს დამატებითი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები რომ უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს მოსახლეობას წყალი,“- აღნიშნავს თალაკვაძე.

როგორც ოზურგეთის მერმა სხდომაზე განაცხადა ქალაქ ოზურგეთის განახლების მიზნით, ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

„უკვე დაიწყო დოლიძისა და ბოლქვაძის ქუჩების რეკონსტრუქცია, სრულად განახლდება მრავალბინიანი კორპუსების იერსახე ჯერ ჭავჭავაძის ქუჩაზე, შემდეგ კი ფარნავაზის ქუჩასა და სხვა ლოკაციებზე. გამოცხადდა ტენდერი ქალაქში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე, რომელიც კორტების თანამედროვე კომპლექსს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ოზურგეთში პროექტის დასრულების შემდგომ შევძლებთ ვუმასპინძლოთ მაღალი დონის ტურნირებს. ქალაქს ულამაზესი მთავარი მოედანიც ექნება, რომელიც ტრადიციულ და ყველა მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. ოზურგეთი ევროპული ქალაქი იქნება და ჩვენი მოქალაქეების და ტურისტების საყვარელი ადგილი გახდება. დღესვე გამოცხადდება ტენდერი ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის და რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე. ქალაქს კიდევ ერთი, კომფორტული და თანამედროვე მწვანე სივრცე და სკვერი ექნება. დასრულდა პროექტირება და სანაპიროს ქუჩაზე რეკრეაციული ზონის სრულფასოვანი განვითარება მოხდება – მასთან ერთად, საპროექტო წინადადებები მომზადებულია ექადიის ტყე-პარკის განვითარების მიზნით, სადაც უნიკალური ეკოსისტემა გვაქვს – ეს სივრცე დაცული, მოვლილი და სრულად მოწესრიგებული იქნება. ასევე, მზად გვაქვს ახალი პროექტი ჭადრების პარკის და პეტრიწის ქუჩაზე მდებარე პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის. პროექტი მრავალწლიანი ნარგავების სრულად დაცვით განხორციელდება და დასვენებისთვის კიდევ ერთი კომფორტული სივრცე გვექნება“.

მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურისტული სეზონისთვის მზადების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე. ასევე, ისაუბრა მედიკამენტებზე ფასდაკლებასთან დაკავშირებით და ელექტრონული მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტზე.

„მთავრობასთან ჩვენი მუნიციპალიტეტიც აქტიურად მუშაობს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის და განსაკუთრებით ტურიზმის აღდგენის მიმართულებით – წელს ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ველოდებით. დავიწყეთ მზადება სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების მოსაწესრიგებლად – შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად, ვმუშაობთ პროექტზე, რომლითაც ურეკი-შეკვეთილის მთელ სანაპირო ზოლზე 8 თანამედროვე სამეთვალყურეო-სამაშველო კოშკურა აიგება. ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება ურეკში ბულვარის სამშენებლო სამუშაოები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ჩვენმა გუნდმა და ჩემმა მოადგილეებმა აქტიურად იმუშავეს – ეს არის მედიკამენტები. პრემიერ მინისტრის ინიციატივამ თურქეთთან იმპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, სერიოზული შეღავათი გაუკეთა ჩვენს მოქალაქეებს და ფასების არსებითი შემცირება გამოიწვია მედიკამენტებზე. როგორც დაგპირდით, ახლა ჩვენც ვასრულებთ პირობას და ხელი მოვაწერე მემორანდუმს სააფთიაქო ქსელებთან, რომელიც მედიკამენტებზე ფასდაკლებას ეხება – მუნიციპალური სოციალური პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს შეიძინენ კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

მსგავსი სტატიები