ოზურგეთში ტექნოპარკი გაიხსნა

 
დღეს, ოზურგეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკი გახსნა.
გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ.
ახალ ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) – უახლესი დანადგარებით. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში. ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის,“ სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.
ტექნოპარკში სადისკუსიო პანელი – კალანდა და გურული მასპინძლობაც გაიმართა, რომლის მიზანი გურიაში საკალანდო ტურის შექმნაა.
პანელის მონაწილეები იყვნენ ესმა კუნჭულია – გასტრონომიული მუზეუმის დაფუძნებელი, ქეთი კვიჭიძე გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტი, ლანა ჟღენტი მეწარმე. პანელს ადგილობრივი მეწარმეები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
       
  

მსგავსი სტატიები