ოზურგეთის მერმა ახალი პროექტები და პროგრამები წარადგინა

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ მერიის სხდომაზე ახალი პროექტები და პროგრამები წარადგინა.

თავდაპირველად მერმა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა და ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, თანამოქალაქეებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მომდევნო საკითხი, რაზეც მერმა ისაუბრა ოზურგეთში, ზამთრის თოვლიანი ამინდების შედეგად დაზიანებული გზების განახლებას ეხება.

„ვემზადებით ქალაქში დაზიანებული გზების აღსადგენად. უკვე დასრულდა ტენდერი და გაფორმდა ხელშეკრულება ქალაქ ოზურგეთში ლესელიძის ქუჩაზე ბეტონის სანიაღვრე არხების მოსაწყობად და ერთ-ერთ მონაკვეთზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობისთვის. აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს ეს პრობლემა, რადგან ჭარბი ნალექის დროს ეტბორებოდათ ეზოები. დასრულდა ანასეულის უბანში, მეცნიერების ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი და უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება სამუშაოები. ასევე, დასრულდა სოფელ დვაბზუში ცენტრიდან მაგისტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი, მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები და მალე დაიწყება შესაბამისი სამუშაოები“ – განაცხადა სხდომაზე მერმა.

მერის განცხადებით, წინასაარჩევნო დაპირება სრულდება და სპორტული ინფრასტრუქტურა უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„მერიის წინა სხდომაზე უკვე გითხარით ახალ საჩოგბურთო კომპლექსზე, რომლის მშენებლობასაც ვიწყებთ. დღეს, მინდა გაცნობოთ, რომ ცვლილებები იქნება საფეხბურთო კლუბის მიმართულებითაც. აქტიურად ვმუშაობთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე და სოფელ ბახვში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. საფეხბურთო კლუბსაც ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ახალი ენერგიით და დავალებებით შეუდგება საქმიანობას“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოზურგეთის სოფლებში, დამატებით 800-მდე ოჯახისთვის მოხდება გაზის მიწოდება.

„წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დავპირდით და უკვე დასრულდა პროექტირება შემდეგი სოფლებისთვის – გოგიეთი, დვაბზუს ნასაკირალი, ჯუმათი, იანეთი, ბოგილი, ძირიჯუმათი, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა, რომლის მიხედვითაც მოხდება გაზის ქსელის მშენებლობა და გაზის მიწოდება დამატებით 800 – მდე ოჯახისთვის. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ სრულად დასრულდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება“ – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, ოზურგეთში სოციალურად დაუცველთა დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირის დასაქმებას. ამ პროგრამით დასაქმება ნიშნავს დამატებით შემოსავალს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და არ გულისხმობს დასაქმების შემთხვევაში, მათთვის სოციალური დახმარების შეწყვეტას, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ოჯახები არ დაექვემდებარებიან გადამოწმებას და გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ დანიშნული ფულადი და არაფულადი სიკეთეები.

ოზურგეთის მერმა სხდომაზე მედიკამენტებზე ფასდაკლების საკითხიც განიხილა.

„დავიწყეთ ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკება, რომ მუნიციპალური სოციალური პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეებმა საჭირო მედიკამენტები შეიძინონ კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით. მოგეხსენებათ, რომ მედიკამენტების გაიაფება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა. ამასთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში კიდევ მოგაწვდით,“ – განაცხადა მერმა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები, ოზურგეთში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე შეირჩევა, რომელიც სოფლებში საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება, პრიორიტეტული და ხარჯთეფექტურია. მერის განმარტებით უნდა მოგვარდეს ისეთი პრობლემები, რომელიც სოფლად ცხოვრების ხარისხს რეალურად გააუმჯობესებს.

ავთანდილ თალაკვაძემ საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ყველას გახსოვთ, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც გვქონდა შეხვედრები საზოგადოებასთან, ერთ-ერთი პრობლემა რასაც ჩვენი თანამოქალაქეები აყენებდნენ – გახლდათ იმ ბინების საკუთრებაში დაკანონების საკითხი, რომელშიც ადამიანები რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობენ, მაგრამ მათ საკუთრებას არ წარმოადგენს და ვერ ახერხებენ დაკანონებას. ამის გამო ვერ განკარგავენ აღნიშნულ ქონებას სრულფასოვნად, ვერ იყენებენ მას ეკონომიკური მიზნებისთვის და სხვა. ვასრულებთ პირობას და მხარის გუბერნატორთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება დავიწყოთ ამ პრობლემაზე მუშაობა, შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და შევიმუშაოთ სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც პრობლემას მოვაგვარებთ,” – განაცხადა მან.

მან, ასევე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობებზე, რომელიც უნებართვოდ ან სტანდარტების დარღვევით განხორციელდა.

„ამ პროცესმა ბოლო წლებში ერთგვარად ქაოტური სახე მიიღო და ეს დარღვევები, სახელმწიფო აუდიტის ახალ დასკვნაშიც არის ასახული. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ზედამხედველობა ახალ მშენებლობებზე არასათანადოდ ხორციელდებოდა, რის შედეგადაც არაერთი ისეთი მშენებლობა მივიღეთ, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამება და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქალაქის და სოფლების ინტერესებთან. მერად ჩემი არჩევის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი დავალება რაც გავეცი – იყო ზედამხედველობის პროცესის მოწესრიგება. შესაბამისად, უკვე ამა წლის 15 მარტის მდგომარეობით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმდა 28 ობიექტი, რომელიც კანონმდებლობის და სტანდარტების დარღვევით შენდებოდა ან აშენდა. ჯარიმების საერთო ოდენობა 188 000 ლარს შეადგენს, რომელიც ბიუჯეტში ჩაირიცხება. პარალელურად მიმდინარეობს 7 ობიექტზე სავარაუდო სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტებზე საქმისწარმოება, სადაც საჯარიმო თანხის ოდენობა ჯამში შეადგენს 94 000 ლარს“.

მერის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და განვითარება და მის ბაზაზე შეიქმნას მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც მობილობის, მომსახურების, დარღვევების იდენტიფიცირების და ადმინისტრირების თვალსაზრისით გაცილებით ეფექტური იქნება. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებას, დაზოგავს დროს და დანახარჯებს როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, კერძო სექტორისთვის.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მერმა ყურადღება გაამახვილა არის პარკირების არსებული სისტემა, რომელშიც აუდიტის სამსახურმა სერიოზული დარღვევები გამოავლინა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ოზურგეთში პარკირების სისტემა არასწორად იმართებოდა. ანგარიშის მიხედვით მიღებული შემოსავალი სათანადოდ არ ხმარდებოდა მუნიციპალიტეტს და მოქალაქეთა ინტერესებს.

ავთანდილ თალაკვაძე სხდომაზე გამოეხმაურა აუდიტის დასკვნას, რომელიც მერიის საქმიანობის 2019-2020 წლების პერიოდს ეხება და რომელშიც სერიოზული დარღვევები, გადაცდომებია აღმოჩენილი.

„ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რა ხარვეზები იყო ბიუჯეტის მართვაში, ხარჯების გაწევასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, როგორ მართავდა მერია სახელმწიფო ქონებას და როგორ აკომპლექტებდა მერიის სამსახურებს. ეს ის საკითხებია, რაზეც ჩვენ არჩევნების წინ ვსაუბრობდით და აღმოჩნდა, რომ სამართლიანად – აუდიტის შემოწმებამ სერიოზული დარღვევები გამოავლინა, რაც მოსაგვარებელია. ამ საკითხებით ოზურგეთის საკრებულოც დაინტერესდება. ჩვენ უკვე ვმუშაობთ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებზე, რომელზეც ცალკე გეგმას წარვადგენთ“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები