ანტიდისკრიმინაციული პრინციპების დაცვის მიმართულებით, მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების დაძლევისა და კარგი პრაქტიკების გაზიარების მიზნით, უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით, მასშტაბური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ მიიღო.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან მეთიუ მორისთან და ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა და საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გვარამაძემ.
გამომსვლელებმა კარგი მმართველობის უზრუნველყოფის კუთხით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ევროსაბჭოსა და ათეას, ჩართულობას გაუსვეს ხაზი. მომხსენებლებმა, ასევე ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხების მიმართულებით, საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება და გრძელვადიანი პრიორიტეტები და ამოცანები მიმოიხილეს.
სესიები, რომლებიც ჯგუფურ სამუშაოებსაც მოიცავდა, თანასწორობის, ინკლუზიისა და ანტიდისკრიმინაციის საკითხებზე არსებული ძირითადი კონცეფციებისა და კარგი მაგალითების გაზიარებას დაეთმო, რის შემდეგაც, დამსწრე საზოგადოებას სახალხო დამცველის ოფისის მიერ შემუშავებულ სერტიფიცირებულ ელექტრონულ კურსზე მიეწოდა ინფორმაცია. დღესვე, მონაწილეებმა ადგილობრივ დონეზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების საკონტროლო სიის წინასწარ შემუშავებული ნიმუში განიხილეს, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს ეყრდნობა და ადგილობრივ კონტექსტსა და დეტალებს ითვალისწინებს.
ღონისძიება ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სამდივნოს წარმომადგენელმა – ჯულია ნაზონმა შეაჯამეს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრა პროექტის -“საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.