2023 წელს, ვენახების კადასტრის პროგრამა დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში განხორციელდება
ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. იგი უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას.
ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.
აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, დღეს ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, სააგენტოს მევენახეობის მარეგულირებელი სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე, ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. ვენახების კადასტრი აქვს ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.