აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
მოწვეული ექსპერტები – პაპუნა პეტრიაშვილი და რამაზ ბოლქვაძე სხვადასხვა ჯგუფებს, მათ შორის აღმზრდელებს/პედაგოგებს, მრავალშვილიან ოჯახებს/სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და ახალგაზრდებს შეხვდნენ.
ოზურგეთის მერის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, ასევე, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მუნიციპალური ბიუჯეტის პროგრამების ანალიზი, გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის (Gender Equality and Social Inclusion (GESI)) ინდიკატორების გამოყენებით.
მუნიციპალიტეტებში შეხვედრები იმართება ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია მუნიციპალური ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ, შეხვედრის მონაწილეები ავსებენ კითხვარს, სადაც აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას მუნიციპალური სერვისების, ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ.