ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ინიციატივით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ხილის და ბოსტნეული კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო.
პროექტის მიზანია: კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და დაინტერესებული ფერმერებისათვის გაცნობა. კივის, თხილის, ციტრუსის, სტევიას, სიმინდის, ბოსტნეულის 11 სადემონსტრაციო ნაკვეთი ოზურგეთის 8 სოფელში მოეწყო. სამუშაოები მერიის აგროკონსულტანტის მეთვალყურეობით ტარდება.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს დაიწყო სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა. გასულ წელს, თხილის სადემონსტრაციო ნაკვეთი 4 სოფელში მოეწყო. ჩატარებული აგროსამუშაოების შედეგად საუკეთესო რეზულტატი მივიღეთ. პროგრამით დაგეგმილი იყო დაინტერესებულ ფერმერთა ორგანიზებული გადაყვანა ნაკვეთებზე და მათთვის სასწავლო პროგრამის ჩატარება. თუმცა, მსოფლიო პანდემიის გამო ჯგუფური ვიზიტები შეჩერებულია, ხოლო ინდივიდუალურად დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება აქვთ ესტუმრონ ნაკვეთებს და ადგილზე მიიღონ ინფორმაცია,“ – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა.
“დღეს სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე დაითესა 3 სახის თესლი: ადგილობრივი პოპულაციის: “ლომთაგორა“ და “აჯამეთის თეთრი.“ სამივე ჯიშის სიმინდს ჩაუტარდება ერთნაირი აგროღონისძიებები და მოსავლის აღების პერიოდში შევძლებთ შევაფასოთ მოსავლიანობა და ხარისხი. მომდევნო წლიდან შესაძლებელი იქნება ფერმერებს მივცეთ გარანტირებული რეკომენდაცია ჯიშების და მოვლა-მოყვანის შესახებ,“ – აღნიშნა სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსმა, ამირან გირკელიძემ.
დაინტერესებულმა ფერმერებმა დეტალური აგროკონსულტაციებისათვის მიმართეთ მერიის აგრონომს აკაკი ღლონტს, ტელ: 599211678.
#გურია #ოზურგეთი #სოფლისმეურნეობისგანვითარება2020