3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ღონისძიება საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურიას“ ეზოში გაიმართა. სპეციალური მოწვევით, პატარების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა იზრუნა და სადღესასწაულო ტორტიც გაიჭრა.
საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურიას“ ბენეფიციარებს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის მეუღლე, ირინა ბაქრაძე ესტუმრნენ.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, ყველამ პირობა უნდა მივცეთ ერთმანეთს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ გარემოს ადაპტირების და უთანასწორობის აღმოფხვრისათვის. მინდა, მადლობა ვუთხრა შშმ პირებს ოზურგეთის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. თქვენი მონდომება და მიღწევები საამაყოა!“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება.