2022 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

🔷 ოზურგეთში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

საკონსულტაციო შეხვედრები დღეს, ბახვისა და დვაბზუს ტერიტორიულ ერთეულებში გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე და სოფლებში მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი მარიკა ჩხიკვიშვილი დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს პროგრამით დასაფინანსებელი პროექტები გააცნეს.

👉🏻 აღნიშნული პროგრამის ფარგლებში – ბახვის, ქვედა ბახვის, მშვიდობაურისა და ოქროსქედის მოსახლეობამ გარე განათებების მოწყობას, საბავშვო ბაღის ოთახების, ხიდების, სანიაღვრე არხების, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციასა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას მიანიჭა პრიორიტეტი. ხოლო, დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს მაცხოვრებლებმა, სპორტული მოედნისა და სკვერის კეთილმოწყობა, ასევე, მილხიდების, მდინარეების ნაპირდამცავების და მოსაცდელების რეაბილიტაცია დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ყოველ წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მუნიციპალიტეტში, მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად ისახავს საერთო გადაწყვეტილების შედეგად, პრიორიტეტული პროექტების გამოვლენას.

👉🏻 პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ოზურგეთს 1 086 000 ლარი გამოეყო. მუნიციპალიტეტი კი პროექტების განსახორციელებლად თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს.

მსგავსი სტატიები