ოზურგეთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.
დამტკიცდა დადგენილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ. აღნიშნული ნორმატიული აქტი ითვალისწინებს საკრებულოს მიერ უკვე დამტკიცებული დადგენილების გაუქმებას და ახალი სამართლებრივი აქტის მიღებას, ცვლილებები არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.
მერის პირველი მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის განმარტებით, პროგრამის მიზნებს წარმოადგენს: სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული/თვითდასაქმებული ოჯახების (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები) მხარდაჭერა, იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა მიმდინარე/სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდის, აგროტურისტული პოტენციალის განვითარების, საოჯახო მეურნეობის გაფართოების და პოპულარიზაციისკენ; ადგილობრივ დონეზე თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, სოციალური ინკლუზიისა და დასაქმების ხელშეწყობა.
საკრებულომ, ასევე, მიიღო განკარგულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 384 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მსგავსი სტატიები