ოზურგეთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და აგრარულ საკითხთა ერთობლივ კომისიის სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტი ითვალისწინებს საკრებულოს მიერ უკვე დამტკიცებული დადგენილების გაუქმებას და ახალი სამართლებრივი აქტის მიღებას, ცვლილებები არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.
მერის პირველი მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის განმარტებით, პროგრამის მიზნებს წარმოადგენს: სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული/თვითდასაქმებული ოჯახების (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები) მხარდაჭერა, იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა მიმდინარე/სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდის, აგროტურისტული პოტენციალის განვითარების, საოჯახო მეურნეობის გაფართოების და პოპულარიზაციისკენ; ადგილობრივ დონეზე თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, სოციალური ინკლუზიისა და დასაქმების ხელშეწყობა.
საკრებულოს წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა, დამტკიცება.