ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დირექტორმა კევინ მაკლოკლინმა მოაწერეს ხელი.
USAID – ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
USAID – ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მისი განხორციელება 22 მუნიციპალიტეტში იგეგმება.
ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში, ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია. საკანონმდებლო ზედამხედველობის საკითხებზე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ისაუბრა, ხოლო მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ელექტრონულ სერვისების დანერგავსა და ინოვაციურ მიდგომებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოსა და აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სტატიები