ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დირექტორმა, კევინ მაკლოკლინმა, ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოაწერეს ხელი.
„მოხარული ვარ, რომ დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მონაწილეობა მივიღე ღია მმართველობის საერთაშორისო კვირეულში.
ვისაუბრეთ საჯარო მმართველობის და ანგარიშვალდებულების სისტემის გაუმჯობესებაზე, დეცენტრალიზაციასა და მოქალაქეებზე მორგებული მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: განათლება, ციფრული სერვისები და სოციალური მომსახურება; გარემოს დაცვა და ეკოლოგია; მუნიციპალური ტრანსპორტი; მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრების მართვა.
მადლობას ვუხდი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელს, კევინ მაკლოკლინს თანამშრომლობისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის განხორციელება 22 მუნიციპალიტეტში იგეგმება.
შეხვედრას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოსა და აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.