ოზურგეთის მერიის სხდომაზე მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მორაგბეებს გამარჯვება მიულოცა და ახალი პროექტები წარადგინა

ოზურგეთის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის მერიის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მორაგბეებს გამარჯვება მიულოცა  და ახალი პროექტები  წარადგინა.

„ოზურგეთის მორაგბეთა კლუბი “არწივები” ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად გახდა რაგბის საქართველოს ტურნირის პირველი ლიგის ჩემპიონი! ჩვენი კლუბი უმაღლეს ლიგაშია და დიდ ათეულში ითამაშებს! ვულოცავ მორაგბეებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს! გვეამაყება! წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გველის! დიდი რაგბი თავის სამშობლოში ბრუნდება“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

შემდეგი საკითხი, რაზეც მერმა ისაუბრა კოსტავას ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ეხება, რომელიც უახლოეს ორ კვირაში დაიწყება.

„ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, სათანადო ტექნიკური რესურსი კი მობილიზებული. კოსტავას ქუჩაზე გზის ახალ საფართან ერთად, მოეწყობა ტროტუარები, გამწვანება და თანამედროვე განათება. წინასწარ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს მოთმინებისთვის, რადგან როგორც წესი, გზის სამშენებლო სამუშაოები საკმაო დისკომფორტს ქმნის,“- აღნიშნავს მერი.

სხდომაზე მან ასევე ყურადღება გაამახილა ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებაც.

„აქვე მინდა გითხრათ, რომ დასასრულს უახლოვდება ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები და იმედი მაქვს მისი განახლება მალე დასრულდება. შედეგად ჩვენს ქალაქს, ჩვენს მოსახლეობას, უფროსებს, ბავშვებს და ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა თავისუფალი დრო მწვანე გარემოში გაატარონ, ისარგებლონ ველობილიკებით, რეკრეაციული ზონებით და სპორტული ინფრასტრუქტურით. დამონტაჟდება ვიდეომონიტორინგის სისტემაც, რათა დღისით თუ ღამით, პარკის ტერიტორია ყველასათვის უსაფრთხო იყოს,“- განაცხადა მან.

ავთანდილ თალაკვაძემ ცენტრალური პარკისა და კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციასთან ერთად, ოზურგეთში, თამარ მეფის მოედანზე, 30 მეტრის სიმაღლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშის მონტაჟის დაწყებაც დაანონსა.

მსგავსი სტატიები