აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით. წარმოგიდგენთ იმ ახალ პროექტებს, რომლის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც დაგპირდით, ვიწყებთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას – სოფელ ჯუმათში გზის რეაბილიტაციას, რომელიც ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრამდე სრულად განახლდება. ეს გზა რამდენიმე ათეული წელია ავარიულია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტი, რომელშიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა ჩვენთან ერთად ჩართული, მომდევნო წელსაც გაგრძელდება და ჯამში ამ მიზნით 4 000 000 ლარამდე დაიხარჯება. ჯუმათში ამ საგზაო მონაკვეთის მოწესრიგება გადაადგილების პრობლემას მოუხსნის არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ყველა სტუმარს, რომელიც აქ ყოველწლიურად ჩამოვა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გრძელდება ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტების განხორციელება
„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განვაგრძობთ ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტების განხორციელებას. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ ასკანაში, მთისპირში თამარ მეფის ციხის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დაიწყო. პროექტის მომზადების ღირებულება გახლავთ 103 000 ლარი და მასზე მუშაობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს, რასაც შემდგომ შესაბამისი სამუშაოები მოჰყვება. შედეგად მე-4 საუკუნის ისტორიული ძეგლის კონსერვაცია მოხდება და ოზურგეთში კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ლოკაცია შეიქმნება“, – აცხადებს თალაკვაძე.
მისივე თქმით, კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება, არის ნაგომრის კულტურის სახლი.
„რეაბილიტირებული და განახლებული შენობა გამორჩეული იქნება თავისი სილამაზით და არაერთ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს. პროექტის მომზადების ღირებულება გახლავთ 84 000 ლარამდე და მასზეც მუშაობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. ოზურგეთის სახელით მადლობას ვუხდით მინისტრს თეა წულუკიანს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოსული იყო ოზურგეთში და ამ პროექტების დაწყება პირადად დააანონსა. როგორც ხედავთ, ეს პირობაც სრულდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მერმა ყურადღება გაამახვილა ოზურგეთის განახლების 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე – წყალმომარაგების მიმართულებაზე.
„ვიწყებთ სოფელ ხრიალეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს. პროექტის ღირებულება 713 590 ლარს შეადგენს და სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყლით უზრუნველყოფილი იქნება 120-მდე ოჯახი. წყალმომარაგების ქსელის მშენებლობას ვიწყებთ ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულშიც, კერძოდ„მე-12 ბრიგადის“ დასახლებაში. სამუშაოების ღირებულება 467 389 ლარს შეადგენს და მისი დასრულების შემდეგ, წყლით უზრუნველყოფილი იქნება 80 ოჯახი. ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში უკვე დავიწყეთ სოფელ ნაღობილევში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობისთვის პროექტის მომზადება. შემდგომ ეტაპზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე ტენდერს გამოვაცხადებთ. წყლის მომარაგების სისტემაზე პროექტის მოსამზადებლად ტენდერი უკვე დასრულებულია და მალე დავიწყებთ სოფელ ოზურგეთის, მერია-კონჭკათი-ხვარბეთი-გოგორეთის და ნაგომრის წყლის ქსელის დაგეგმარებას, რომლის პროექტირებაც წლის ბოლომდე მოხდება, ხოლო შემდგომში წყლის ახალი სისტემების მოსაწყობად, სამუშაოებზე ტენდერის მეორე ეტაპი გამოცხადდება. ერთ-ერთ წინა სხდომაზე გაცნობეთ, რომ დაბა ნასაკირალში წყლის ქსელის მოწყობაზე გაფორმებული კონტრაქტი შევუწყვიტეთ კომპანიას, რომელიც არაჯეროვნად ასრულებდა სამუშაოებს. ახლა, აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის პროექტირება, რომელიც დამატებით ჭაბურღილის მოწყობას მოიცავს. ამ პროექტს ნასაკირალში ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. გვაქვს კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე – დავიწყეთ და აქტიურად მიმდინარეობს ცხემლისხიდი-დვაბზუს წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის სამუშაოები. მობილიზებულია ტექნიკა და უკვე მიდის მუშაობა უჩხუბში წყალშემკრები ნაგებობების მოსაწყობად“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
როგორც ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე აღნიშნა ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.
„როგორც დაგპირდით, გამოცხადდა ტენდერი და მალე დავიწყებთ ოზურგეთში მალაზონიას ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის, ბაქრაძის და მოსკოვის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას. მოეწყობა სანიაღვრე არხები და გზის ახალი საფარი. გამოცხადდა ტენდერი გაღმა დვაბზუ-ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე. აქაც საგზაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება მოხდება. მალე დასრულდება პირველი საჯარო სკოლის მისასვლელი გზის კეთილმოწყობა, რაც უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის ბავშვების გადაადგილებას. უკვე სრულდება ანასეულის დასახლებაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, ამავდროულად, მალე დასრულდება იმედაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების საპროექტო სამუშაოები. პროექტირება დასრულდება, აგრეთვე, სოფ. შრომა ზედუბანი – ვაკეს დამაკავშირებელი 3.4 კმ გზის რეაბილიტაციისთვის და დავიწყებთ კონჭკათი-ორმეთის გზის პროექტირებას“, – განაცხადა მერმა.
ავთანდილ თალაკვაძემ ასევე ისაუბრა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამაზეც.
„მინდა მოგაწოდოთ ფაქტობრივი ინფორმაცია დასაქმების მაჩვენებლებზე. გარდა იმისა, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ადგილზე ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების და შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს – მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაიწყო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზება. დღეის მდგომარეობით ოზურგეთში მცხოვრები და რეგისტრირებული 778 სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეა დასაქმებული სხვადასხვა სამუშაოზე. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს თალაკვაძე.