ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ოზურგეთის მერიის ჩართულობით საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავი აღინიშნება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცე, ანიმატორები; კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.
დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს 17:10 საათზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან ერთად, მერი ავთანდილ თალაკვაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებიან .
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. მსმენელის წინაშე გელა გნოლიძე და „ღამის შოუს ბენდი“ წარსდგებიან.