ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე ახალი პროექტების და ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომელიც ოზურგეთის განახლებას ეხება.
ქალაქ ოზურგეთში ლომთათიძის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე „ტერასული ბაღები“ მოეწყობა. მერის თქმით, პარკის მოსაწყობად უკვე გამოცხადდა ტენდერი, რაშიც 185 000 ლარი დაიხარჯება. პროექტმა “სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამაში გაიმარჯვა, თუმცა წინა წლებში აღნიშნული პროექტი იგნორირებული იყო.
„ვიწყებთ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის „ტერასული ბაღების“ მოწყობას ლომთათიძის ქუჩაზე. პარკის მოსაწყობად უკვე გამოცხადდა ტენდერი, რაშიც 185 000 ლარს დავხარჯავთ. აღნიშნულმა პროექტმა “სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამაში გაიმარჯვა, თუმცა სამწუხაროდ, წინა წლებში იგნორირებული იყო და თაროზე შემოდეს. ვინაიდან ჩვენთვის საზოგადოების აზრი და მოქალაქეების მიერ მხარდაჭერილი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია – პროექტი დღის წესრიგში დავაბრუნეთ და ვიწყებთ მის განხორციელებას. ტერიტორია სადაც უნდა აშენდეს პარკი, მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენდა – ამიტომ, უკვე გამოვისყიდეთ ეს ადგილი. დამატებით, ასევე ერთ-ერთმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ დაუთმო თავისი მიწის ნაკვეთი, რისთვისაც მადლობას ვუხდით და ჩვენს პატივისცემას ვუდასტურებთ,“- აღნიშნავს თალაკვაძე.