სად კეთდება წყალმომარაგების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემის ახალი პროექტები – აღნიშნულის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ მერიის სხდომაზე ისაუბრა.
„სიახლე გვაქვს დაბა ნასაკირალის წყალმომარაგების ქსელთან დაკავშირებით – როგორც აღმოჩნდა პროექტი არასრულყოფილი იყო. მოგეხსენებათ, მშენებლობა 2021 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო. აღსანიშნავია, რომ შერჩეული კომპანია არაჯეროვნად ასრულებდა სამუშაოებს, თუმცა ამის მიუხედავად არაერთხელ გაუგრძელეს ვადა. საბოლოოდ, პროექტი მაინც ვერ დაასრულეს. ჩვენ, არაკეთილსინდისიერ კომპანიას შევუწყვიტეთ ხელშეკრულება, გავაკეთეთ პროექტის კორექტირება და უკვე გამოცხადდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად. პროექტს დაემატა ახალი წყალმიმღები სადრენაჟე სისტემის მოწყობა და გამოტოვებული 19 ოჯახის ქსელში ჩართვის სამუშაოები, რომლის მიხედვითაც წყალმომარაგების გაუმჯობესება მოხდება დაბა ნასაკირალის 3400 მცხოვრებისათვის და ე.წ. დვაბზუს ნასაკირალის 110 ოჯახისათვის. სამუშაოებისთვის ჯამში დაიხარჯება 800 ათას ლარზე მეტი,“- განაცხადა მერმა.
შემდეგი საკითხი რაზეც ავთანდილ თალაკვაძემ ისაუბრა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში კრიტიკული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ეხება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში შევძელით და გასულ წელს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, ყველაზე რთულ და კრიტიკულ საგზაო მონაკვეთებზე, ჯამში 8000 მეტრზე მეტი გზა რეაბილიტირდა ბეტონის საფარით. ღირებულებამ შეადგინა 800 ათას ლარამდე (774 000 ლარი); ბეტონის შესყიდვაზე ხელშეკრულება მიმდინარე წელსაც გავაფორმეთ და ამ მიმართულებით 2,5 მილიონ ლარს დავხარჯავთ. შედეგად, რკინა ბეტონის საფარით მოწესრიგდება კრიტიკული საგზაო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სოფელში ჯამში 25 კმ. სიგრძის გზებზე,“ – აღნიშნავს თალაკვაძე.
ოზურგეთის მერმა სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტენდერი სულ მალე გამოცხადდება. სანიაღვრე არხის მოწყობით, გადაიჭრება მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც ქალაქ ოზურგეთში გრიბოედოვის ქუჩის #29-ში საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა მთავარი მოთხოვნა იყო. პროექტის ღირებულება 23 000 ლარს აღემატება.