ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. მერიის თანამშრომლების მიერ გაღებული თანხით ოზურგეთში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტები ეტაპობრივად გადაეცემა. გარდა პირადი შემოწირულობისა, საქველმოქმედო აქციაში ჩართულია შპს „გლობალ ექსპორტი,“ რომელმაც სოციალურად დაუცველებისთვის პურის ფქვილი შეიძინა.
დახმარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მოადგილეებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად სოციალურ სახლებსა და სხვადასხვა ოჯახში მიიტანა.
„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მერიის თანამშრომლებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებოდნენ იმ ოჯახებს, რომლებიც ამას საჭიროებენ, ასევე ბიზნესმენებსა და კომპანიებს, კერძო პირებს, რომლებიც გვიკავშირდებიან და დახმარებას გვთავაზობენ. პროდუქტების გაცემას კვირის განმავლობაში გავაგრძელებთ და შეძლებისდაგვარად ყველა ოჯახს დავეხმარებით,“ – აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ.
პირველადი საჭიროების პროდუქტებისთვის 1000-მდე სურსათის ჩანთა მერიას „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივამ“ გადასცა, რომელიც აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით. ჩანთებზე განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას“ აფინანსებს ევროკავშირი (EU) და თანადამფინასენებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).