სამოქალაქოფესტივალი ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში, სამოქალაქო ბიუჯეტის „იყავი თანამმართველის“ ფარგლებში პროექტის გამარჯვებული მონაწილეების ჩართულობით სამოქალაქო პიკნიკი ჩატარდა. ღონისძიების მიზანი ინოვაციური პროექტის „იყავი თანამმართველის“ 2020 წლის შედეგების საინტერესო ფორმით წარმოჩენა და სამოქალაქო ბიუჯეტის პოპულარიზაცია იყო.
პიკნიკის სივრცეში მოეწყო ინტერაქციული გამოფენები და პარტიციპაციის კაფე, სადაც მოქალაქეებმა პროექტის შესახებ მოსაზრებები და იდეები დააფიქსირეს. სამოქალაქო პიკნიკის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა: სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პროექტის გამარჯვებულებს სიმბოლური ვაუჩერები გადასცეს. „იყავი თანამმართველი“ არის სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი, რომლის საშუალებით პირველად ქალაქ ოზურგეთში, მოქალაქეები, ხმის ექტრონული ვაუჩერებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებენ.
პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებულ სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი განსხვავებული ფორმატით ახორციელებს და დღეისათვის მას ანალოგი არ აქვს.
„იყავი თანამმართველში“ მსოფლიოში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და აქტიური ამომრჩევლების დაახლოებით 40% შეადგინა. ხმის მიცემა ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობდა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით გამოვლინდა 10 გამარჯვებული პროექტი, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 300 000 ლარით დაფინანსდება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში,“ „პროგრესის სახლი“ და „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.“